აქცია ,,აუსრულე სურვილი“

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 29 მაისს გალერეა შარდენში (სასტუმრო თბილისი მარიოტი) შიდსით დაავადებული და დაობლებული ბავშვების მხარდაჭერის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
აქცია ,,აუსრულე სურვილი“ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის და თბილისის სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით გაიმართა.

აქცია „აუსრულე სურვილი“ აივ/შიდსის სფეროში ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიება იყო, რომელიც საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციის ემახურებოდა. გამოფენაზე აივ დადებითი ბავშვების დასახმარებლად 40-ზე მეტმა ქართველმა მხატვარმა წარმოადგინა საკუთარი ნამუშევრები. წარმოდგენილნი იყვნენ ცნობილი ქართველი მხატვრები: რუსუდან ფეტვიაშვილი, გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, დათო ალექსიძე, გია ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ელდარ ქავშბაია, ლევან ხარანაული, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, ქეთი შალამბერიძე, ლია შველიძე, ნანა ჭურღულია, ლეილა შელია თუთუ კილაძე და სხვ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის, არასამთავრობო, სამთავრო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ აქციის ფარგლებში ყველა ნამუშევარი გაიყიდა. შეგროვებული თანხა გადაეცა შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვებისთვის მათი საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

დაბოლოს, აქცია „აუსრულე სურვილი“ აივ/შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების პირველი მცდელობაა. აქციის მიზანი იყო დაანახოს საზოგადოებას, რომ მცირეოდენი დანახარჯებითა და ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანთა, განსაკუთრებით კი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება.
ვფიქობთ, საზოგადოების მონაწილეობა აივ/შიდსით დაზარალებული პირების, განსაკუთრებით კი ბავშვების დახმარების პროგრამებში მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.