კონფერენცია თემაზე: ვირუსული ჰეპატიტები და აივ-თან კო-ინფექციები

27-28 სექტემბერს, სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში ჩატარდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია თემაზე: ვირუსული ჰეპატიტები და აივ-თან კო-ინფექციები. (The third edition of the CEE Meeting on Viral Hepatitis and Co-infection with HIV)

შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელმა გურანდა ჯიქიამ, მის მიერ წარმოდგენილ იქნა თეზისი თემით: „ C ჰეპატიტის ელიმინაცია და ზიანის შემცირების პროგრამები საქართველოში“. თეზისში ასახული იყო ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში C ჰეპატიტზე და აივ-ზე ტესტირების პრაქტიკა, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის შედეგები და ასევე აღნიშნულ იქნა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებაში გლობალური ფონდის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლი. 

შეხვედრაზე გაკეთდა არაერთი საინტერესო მოხსენება მონაწილე ქვეყნების ექსპერტების მიერ, წარმოდგენილი იყო 35-მდე ქვეყნის 230 -მდე წარმომადგენელი.  პრეზენტაციებით წარმოდგენილ იქნა: ქვეყნის ეპიდსიტუაციები, C ჰეპატიტზე ტესტირების ახალი სტრატეგიები, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, აივ-თან კოინფექცია და მკურნალობის თავისებურებებები, C ჰეპატიტის მკურნალობის ბარიერები და მიღწევები, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ-ისა და C ჰეპატიტის მკურნალობის გამოწვევები. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფიქსირდება აივ-ინფექციის ახალი შემთხვევების ზრდა -  57%-ით  2010-2015 წლებში. ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ-ინფექციაზე სტიგმის ფაქტორი პირველ რიგში არის აივ-პრევენიციული სერვისების მიღების ბარიერი, მეორე ადგილზეა, ტესტირების ჩატარების ბარიერი და მესამე ადგილზე აივ-ის მკურნალობაში ჩართვის ბარიერი. გაჟღერდა მნიშვნელოვანი მესიჯები: უნდა გაიზარდოს C ჰეპატიტის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა ნარკოტიკების ინექციურ მომხარებლებში C ჰეპატიტზე, ასევე მნიშვნელოვანია აივ-თან კო ინფექციების მკურნალობა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ოპიოიდური ჩანაცვლების პროგრამა ძირითადად ხელმისაწვდომია ქვეყანებში, გარდა რუსეთის ფედერაციისა, თურქმენეთის და უზბეკეთისა, ხოლო ზიანის შემცირების პროგრამის ფარგლებში დარიგებული სტერილური საინექციო მასალები არასაკმარისია გარდა ყირგიზეთისა,  სადაც წლიურად 1 კლიენტზე საშუალოდ რიგდება 241 შპრიცი.